English / ქართული /








Journal number 2 ∘ Lali Khikhadze
Cross-cultural Challenges in Global Business

In the XXI century mankind faces many problems and challenges, but cultural globalization is especially remarkable, which aims elimination of religious, ethnic, national and cultural differences and formation of uniform global culture. Cultural globalization is the successor of western universe. Global culture and processes related to it, come from strong metropolises of the modern world and largest cultural centers. It’s remarkable that such global culture and cosmopolite ideas always are in contradiction and incompatible with the state national policy, and what is the main, with cultural characteristics of each country. Culture has a great influence over the international business communications. In fact, cultural differences can have an influence on the fact, what the personnel is waiting from the foreign employment company, how the emigrant deals with s strange environment, how the trans-national companies make investments and do the international commercial operations in different countries. Cross-cultural differences can raise disagreement and conflicts, as well bring profit in every segment of global business. Effective cross-cultural business communication is very important necessary ability for the international business management, as well for the international companies with multi-cultural personnel, in basic, as well in recipient countries. Business subjects must be attentive towards detecting the cultural differences and be well aware of cultural noise in business communication and business negotiation process.

Keywords: cross-culture, business communication, cultural globalization, multi-cultural, business negotiations, electronic communication, verbal and non-verbal communication, monochromic and polychromic cultures, global business.

JEL Codes: M14, M16, M20, M21

კომუნიკაციის კროსკულტურული გამოწვევები გლობალურ ბიზნესში 

XXI საუკუნეში კაცობრიობის წინაშე დგას მრავალი პრობლემა და გამოწვევა, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა კულტურული გლობალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლას და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას. კულტურული გლობალიზაცია დასავლური სამყაროს პირმშოა. გლობალური კულტურა და მასთან დაკავშირებული პროცესები. მომდინარეობს თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი მეტროპოლიებიდან და კულტურის უმსხვილესი ცენტრებიდან. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გლობალური კულტურა და კოსმოპოლიტური იდეები ყოველთვის წინააღმდეგობაშია და შეუთავსებადია სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკასთან, რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებთან. კულტურას აქვს დიდი გავლენა საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციებზე. ფაქტობრივად, კულტურულ განსხვავებებს შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რას ელოდება პერსონალი უცხოური დამსაქმებელი კომპანიისგან, როგორ ეგუება ემიგრანტი უცხო გარემოს, როგორ აბანდებენ ტრანსეროვნული კომპანიები ინვესტიციებსა და აწარმოებენ საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებს სხვადასხვა ქვეყანში. კროსკულტურულ განსხვავებებს შესწევს უნარი ჩამოაგდოს უთანხმოება და კონფლიქტები, ისევე, როგორც მოუტანოს დიდი სარგებლი გლობალური ბიზნესის ყველა სეგმენტს. ეფექტიანი კროსკულტურული ბიზნესკომუნიკაცია ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი უნარია საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტისათვის, აგრეთვე, მულტიკულტურული პერსონალის მქონე საერთაშორისო კომპანიებისათვის, როგორც საბაზო, ასევე რეციპიენტ ქვეყნებში. ბიზნესსუბიექტები ყურადღეებით უნდა იყოს კულტურული განსხვავების გამოვლინებისადმი და გათვითცნობიერებული კულტურული ხმაურის შესახებ ბიზნესკომუნიკაციისა და საქმიანი მოლაპარაკების პროცესში.

საკვანძო სიტყვები: კროსკულტურა; ბიზნესკომუნიკაციები; კულტურული გლობალიზაცია; მულტიკულტურა; ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია; მაღალი და დაბალკონტექსტის კულტურები; მონოქრონული და პოლიქრონული კულტურები.

კულტურათაშორისი კომუნიკაციის თავისებურებები და გამოწვევები გლობალურ ბიზნესში

მთელი კაცობრიობისთვის და შესაბამისად, ყველა კულტურისთვის მრავალია საერთო ფასეულობა, მრწამსი და ქცევა, მაგრამ, ასევე ბევრია კულტურის კერძო და სპეციფიკური ასპექტები, ის, რაც ერთ კულტურას მეორესგან განასხვავებს. სხვადასხვა ქვეყნის კულტურა მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთმანეთისგან, აუცილებელია კულტურული ფენომენების შესწავლა, რათა ბიზნესის კომუნიკაციის პროცესმა მეტი ეფექტიანობა მოიტანოს. მოლაპარაკებების თუ სხვა საქმიანი ურთიერთობების მნიშვნელოვანი პროცესების ეფექტიანობა გაიზრდება მაქსიმუმამდე, თუ კულტურულ გამოწვევებსა და ქვეყნების მახასიათებელ კულტურულ სტერეოტიპებს შევისწავლით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კულტურული თავისებურებების გამოკვლევა და შესწავლა იძენს, რაც აუცილებელია თანამედროვე მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში. კულტურის თვითმყოფადობისა და მისი თვისებების შენარჩუნება დამოკიდებულია თავად იმ ქვეყნის, ერის, მოსახლეობის ეროვნულ სიძლიერეზე, თუ რამდენადაა ის ეროვნულად შეკრული და გაერთიანებული, რამდენად ძლიერი, ღრმაა მათი კულტურული მახასიათებლები, ისტორიული ფესვები, რამდენად ფასეულია ეს ტრადიციები, რამდენად მიიღებს მათი კულტურა გარედან შემოსულ გლობალურ გარდაქმნებს. მიუხედავად იმისა, რომ ერის როლი და მისი ფუნქცია სწორედ ამგვარი გარდაქმნების ფონზე საგრძნობლად შესუსტდა, იგი მაინც არსებობს და ზოგ ქვეყანაში გზასაც უღობავს და აფერხებს გლობალური კულტურის ცვლილებებსა და სიახლეებს, რაც მათი ეროვნული, თვითმყოფადი კულტურისათვის მიუღებელია. კოსმოპოლიტური, კულტურის ტალღა, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დონეს აღწევს და სხვადასხვაგვარად ვითარდება, რადგან თითოეული ერის კულტურა, იდეოლოგია განსხვავდება სხვა ერის, ქვეყნის კულტურული ცნობიერებისაგან. ხშირად ხდება ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა, მათი შერწყმა მასობრივ გლობალურ პროცესებთან, რაც თავისთავად უკარგავს ერს კულტურულ ინივიდუალიზმსა და მხოლოდ ამ ერისთვის მახასიათებელ ცნობიერებას. ახალი გლობალური კულტურა სულ უფრო ჰიბრიდულ და მრავალგვაროვან ხასიათს ატარებს, რადგანაც ინტერნაციონალური პროცესების ურთიერთდამოკიდებულება მსოფლიოში ეფუძნება გლობალური ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უზარმაზარ სისტემას.

მეცნიერული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ კომუნიკაცია კულტურის ნაწილია, თუკი კულტურას განვსაზღვრავთ ფართოდ და არამხოლოდ როგორც «მაღალინტელექტუალურ მოღვაწეობასა და ინტერესებს’’, ფართო გაგებით- კულტურა აღნიშნავს ყველაფერს, რაც საზოგადოებაში არსებობს, რომელიც გადაიცემა თაობიდან თაობაში. კულტურული ნორმები და ფასეულობათა სისტემა წარმოდგენილია შემდეგი დეტერმინანტებით: განათლება, ენა, ეთიკური ქცევის წესები და სტანდარტები, ეტიკეტის ნორმები, სოციალური და ეკონომიკური ფილოსოფია, რელიგია, კანონებიც კი, რომელთა ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია გლობალურ ბიზნესში[2]. კულტურული თავისებურებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო ბიზნესში კომუნიკაციის დაწყებისას, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ბიზნესსუბიექტებმა ნებისმიერ ქვეყანაში . ეს, პირველ რიგში, აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ შესაძლო გაუგებრობა. ამისათვის საჭიროა მხარეები საქმიან შეხვედრამდე გაეცნონ ერთმანეთის კულტურას ზოგადად მაინც და არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომები. 

საერთაშორისო კომპანიებში ბიზნესკომუნიკაცია გულისხმობს ინფორმაციული ნაკადების როგორც გარე, ასევე შიდა ნაკადებს. ამ ნაკადების მნიშვნელობა საერთაშორისო ბიზნესში განისაზღვრება იმით, რომ კომუნიკაციური აქტის მონაწილეები ხშირად იმყოფებიან უცხო ქვეყნებსა და კონტინენტებზე და არიან სხვადასხვა კულტურის მატარებლები. ეს ქმნის კომუნიკაციის პრობლემებს, რომლებიც განსხვავდებიან კომპანიისათვის ჩვეულისაგან.

საერთაშორისო კომპანიის გარე საინფორამციო ნაკადები მოიცავს საზღვარგარეთელ ბიზნესპარტნიორებსა და მომხმარებლებთან, მომწოდებლებსა და მოიჯარეებთან, სუბარენდატორებსა და მიმღები ქვეყნის მთავრობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიან ურთიერთობებს. ადგილობრივი კანონმდებლობა, ეკონომიკური განვითარების დონე, განსხვავებული ტრადიციები, ენობრივი ბარიერები დიდად ზემოქმედებენ კომპანიის გარე კომუნიკაციაზე.

გარე კომუნიკაცია კომპანიისათვის კულტურათაშორისად იქცევა, თუ მას არ გააჩნია საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ქვეყნის შიგნით მრავალი ერისა და ეთნოსის წარმოადგენელი ცხოვრობს (აშშ, კანადა, რუსეთი, საქართველოდა ა.შ). კომუნიკაციის სუბიექტები არიან სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები.

საერთაშორისო კომპანიებში კომუნიკაცია განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად და როგორ, რა სიჩქარითა და რა არხებით, ფორმალურად თუ არაფორმალურად ხდება მისი გავრცელება. ცენტრალიზებული ტიპის ორგანიზაციულ სტრუქტურებში, მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში, საინფორმაციო ნაკადების მეტი წილი ტოპმენეჯერებისაგან გამომდინარეობს. თანამშრომელთა პასუხისმგებლობის ხარისხი მენეჯერის ინფორმაციით უზრუნველყოფისთვის აქ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ ამერიკულ კომპანიებში, სადაც ინფორმაცია მენეჯერიდან თანამშრომელზე მიემართება.

ბიზნეს-კომუნიკაცია საქმიან ურთიერთობებში და მოლაპარაკებების დროს შესაძლებელია განხორციელდეს წერილობითი, ვერბალური, არავერბალური და ელექტრონული ფორმით. ზოგჯერ ბიზნესსუბიექტები საფრთხეში იგდებენ თავს იმის გამო, რომ კომუნიკაცია მიაჩნიათ ყველგან ერთნაირი. ამერიკელისთვის, მაგალითად, პაუზა საუბარში აღიქმება, როგორც შესაძლებლობა საპასუხოდ. ხანგრძლივი პაუზა დისკომფორტს ქმნის და აღძრავს სურვილს შეივსოს სიჩუმე. მაგრამ ფინეთსა და იაპონიაში გრძელი პაუზები საუბარში სავსებით ნორმალური და მოსალოდნელია. შეყოვნება მიანიშნებს, რომ ვიღაცა ფრთხილად განსჯის ნათქვამს. ფაქტობრივად, სწრაფი პასუხი ამ ქვეყნებში შეიძლება შეურაცხმყოფელად აღიქვან. საერთაშორისო ბიზნესში კომუნიკაციის ეფექტიანობის ამაღლებისათვის, ორგანიზაციაში კომუნიკაციის დახვეწილ ჩვეულ ზომებთან (საინფორმაციო ნაკადების რეგულირება, უკუკავშირთა სისტემა, საინფორმაციო ბიულეტინი და სხვა) ერთად შეიძლება გადაიდგას სხვა ნაბიჯებიც, რაც მიმართულია ენობრივი ბარიერების გადალახვის, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებისაკენ. მულტინაციონალური კომპანიები ქმნიან ინტერნეტის ანალოგიურ ქსელს, რომელიც შიდასაფირმოა და მოიცავს მის ლოკალური დაწებულებებსაც. ეს დიდად აადვილებს შიდასაფირმო კომუნიკაციას (კომპანიის სიახლეები, ახალი ტექნოლოგიები, კომპანიის ბაზრებზე სტრატეგიული ქცევის, საქონლისა და მომსახურების შეთავაზებების, შიდა კონფლიქტების მოგვარების, შიდასაფირმო გადაწყვეტილებების, სხვადასხვა ანგარიშის მომზადების, კომპანიის მონაცემთა ბაზით სარგებლობის, ქალიშვილ, შვილობილ კომპანიათა და ფილიალთა საქმეები და მრავალი სხვა).

კომუნიკაციის ელექტრონული და ციფრული საშუალებები კულტურათაშორის კომუნიკაციებს უფრო სწრაფად უზრუნველყოფს, ვიდრე ოდესმე. გარდა ამისა, ის ხსნის კულტურათა შორის კომუნიკაციაში არსებული ხმაურის პრობლემას. არავერბალური ურთიერთობის საშუალებები ელექტრონული კომუნიკაციის შემთხვევაში კარგავს თავის მნიშვნელობას. მართალია, კომუნიკაციის ამ სახეობაში შემოღებულია ემოციების გამომხატველი სპეციალური ნიშნები, მაგრამ, მათ ერთნაირი მნიშვნელობა აქვთ ყველა მომხმარებლისთვის. კომუნიკაციური აქტის მონაწილეთა ფიზიკურად დასწრების საჭიროების არარსებობასთან ერთად მოიხსნა კომუნიკაციის ისეთი ბარიერები, როგორიცაა სქესი, ასაკი, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება. ამის მიუხედავად, კროს-კულტურული უთანხმოების შესაძლებლობის პოტენციური პრობლემები მაინც არსებობს. კულტურული სხვაობები ზეგავლენის მოახდენს კომუნიკაციის განვითარებაზე ელექტრონულ გარემოშიც კი, ეს ხდება კიბერსივრცეში წამოჭრილი კონფლიქტების მიზეზი. მაღალკონტექსტუალური კულტურის წარმომადგენლები, მაგალითად, იაპონელები განიცდიან ერთგვარ პრობლემას ამერიკელებთან ურთიერთობის პროცესში, რომლებიც არ არიან მიჩვეულები არავერბალური კომუნიკაციის ნიშნებზე დაყრდნობას. უმრავლეს შემთხვევაში კომუნიკაციის ურთიერთმისაღები საშუალებების არჩევა უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ პირადი შეხვედრის მაგივრად გამოყენებული იქნება ხმოვანი ან ელექტრონული ფოსტა ან ფაქსი. კომპიუტერული კომუნიკაციის სისტემებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი დიზაინი, რომელიც უკეთეს კროსკულტურულ კომუნიკაციასაც კი უზურუნველყოფს, ვიდრე შეიძლება ამის პირადი კავშირებით მიღწევა. მცდელობაა ისეთ გლობალურ კომპიუტერულ ქსელებზე, პროექტზე კოლექტიური მუშაობის ავტომატიზაციის საშუალებებზე, რომელთანაც მნიშვნელოვანია კროსკულტურული ასპექტი.

ამის მიუხედავად, ეფექტიანი ელექტრონული კომუნიკაცია კულტურულ სიფაქიზესა და მგრძნობელობას მოითხოვს მეტადაც კი, ვიდრე ბიზნესსუბიექტების საქმიანი ურთიერთობები, ვინაიდან ამ დროს არ არსებობს რეაგირების, უკუკავშირის, რეგულირებისა და კონტროლის საშუალებები. ინტერნეტის, როგორც კომუნიკაციის გლობალური ინსტრუმენტის გამოყენება, საშუალებას აძლევს ნებიმისმიერი სიდიდის კომპანიას, შედარებით სწრაფად დააფიქსიროს თავისი არსებობა მსოფლიოს მრავალ ბაზარზე. მაგრამ გლობალური ბაზრის მონაწილედ დაფიქსირება თავისთავად არ ხდის კომპანიას გლობალურს. თანდათან კომპანიები არკვევენ, რომ საჭიროა საკუთარი ელექტრონული კომერციისა და ბიზნესის (PR- სისტემების მსგავსი) დამატებითი პროგრამების ადაპტირება, რაც გაცილებით შრომატევადია, ვიდრე უბრალოდ სხვა ენაზე თარგმნა. იმ ქვეყნებში (მხედველობაშია აფრიკული, აზიური, არაბული სახელმწიფოები), სადაც ადამიანები არ არიან ჩვეულნი პირადი ინფორმაციის გაცემას, ელფოსტის დაფიქსირების მოთხოვნასაც კი შეუძლია კულტურული ბარიერების გამოწვევა. ამდენად, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში ელეტრონული კომუნიკაცია უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებებს ენებში, კულტურაში, ადგილობრივ კანონმდებლობაში, ბიზნეს-მოდელებში და რაც მთავრია, გასათვალისწინებელია ადგილობრივი საკომუნიკციო სისტემის განვითარების დონეც.

თანამედროვე ეტაპზე კულტურული გლობალიზაციის პროცესი დიდ წინააღმდეგობებსა და შეზღუდვებს აწყდება, რადგანაც ყოველი ქვეყნის კულტურა გამოირჩევა სპეციფიკით, თვითმყოფადობით, ისტორიული ტრადიციებით, ღირებულებებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად აფერხებენ ე.წ კულტურული გლობალიზმის მზარდ პროცესს. მაგრამ ხდება პირიქითაც, როდესაც ქვეყნის კულტურა იზღუდება, იჩრდილება და ცვლილებას განიცდის გლობალური კულტურაც. მიუხედავდ ამგვარი გავლენისა, ქვეყნის, ერის კულტურა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ბუნებას, რადგან მას გლობალიზაციის მავნე პროცესებისაგან გარკვეული სახის „თავდაცვითი მექანიზმები“ გააჩნია. აქ გარკვეულწილად, იგულისხმება ის მახასიათებლები, რომლებიც თითოეული ერის, ეროვნული კულტურის განმასხვავებელ ნიშნებს მოიცავს, ესენია: 1) ეროვნული ხასიათი, 2) ისტორია, 3) ერისადმი კულტურული იდენტობის აღქმა და განცდა 4) დროის ფაქტორი, 5) გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცეში არსებობა, 6) ენა, 7) არავერბალური კომუნიკაცია, 8) ეროვნული ფასეულობანი, 9) ეტიკეტის ეროვნული ქცევის ნორმები და წესები, ტრადიციები და ჩვეულებები 10) სოციალური ჯგუფები, გაერთიანებები და კავშირები.

ზოგიერთი ქვეყნის კულტურა გასაკუთრებულად მგრძნობიარეა დასავლური, გლობალური ფასეულობებისადმი. დასავლური კულტურის გლობალური პროცესები, საბაზრო ეკონომიკა, კომუნიკაციური ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა მსოფლიოში ყველაზე ნათლად აისახება და ვლინდება აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის კონტინენტზე, სადაც მძლავრი გლობალური პროცესები ყველაზე ადვილად და მასობრივად მკვიდრდება და ერთ-ერთი მიზეზი არის ამ ქვეყნების უკიდურესად ღარიბი და მწირი ეკონომიკური, სოციალური პირობები. უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით აფრიკელი ხალხი ძალიან სწრაფად ითვისებს იმ მატერიალურ და ინდივიდუალური კულტურის ღირებილებებსა და ფასეულობებს, რაც სათავეს იღებს დასავლური კულტურიდან. მიუხედავად ამ ქვეყნების უკიდურესად ღარიბი შიდა რესურსებისა, მაინც რთულია ახსნა რამ, გამოიწვია ამგვარი უეცარი ვესტერნიზაცია სრულიად სხვა კულტურის მატარებელი, აფრიკელი ხალხის . ძირითადი მიზეზი ისევ და ისევ მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებაა. უამრავი საჭირო პროდუქციისა და საქონლის შედინება ამ ქვეყნებში საჭიროა აფრიკის სოციალურად ღარიბ და დაუცველ საზოგადოებისათვის.

კულტურათაშორისი კომუნიკაციის თავისებურებების გათვალისწინება აქტუალური ხდება იმ კომპანიებისთვისაც, რომელთა საქმიანობა არ სცდება საბაზისო ქვეყნის ჩარჩოებს. ასე, მაგალითად, ამერიკული კომპანიების (ლოკალურ დონეზე) პერსონალი შედგება სხვადასხვა რასის, კულტურისა და რელიგიის ადამიანებისაგან. აშშ-ში სამუშაო ძალა ფორმირდება იმიგრანტებისგან ევროპიდან, კანადიდან, ლათინური ამერიკიდან. აზიიდან და ისინი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან (აფროამერიკელები, ესპანურენოვანი ამერიკელები, აზიური წარმოშობის ამერიკელები). ყველა მათგანს შეაქვს კოლექტივში თავისი ენა და კულტურა. დღეს აშშ-ის მოსახლეობის შემდგომი მატების მესამედი კი იმიგრანტების ხარჯზე მოხდება. მსგავსი პრობლემები ანგარიშგასაწევია სხვა ქვეყნებსა და კომპანიებშიც, მაგალითად, საქართველოში, სადაც მოსახლეობა პოლიეთნიკურია. ამის შედეგად, კომუნიკაციები როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ, კროსკულტურული ხდება. კულტურული ცვლადების ზეგავლენით შეიძლება აიხსნას კომუნიკატიური ქცევის სხვაობები, საინფორმაციო ნაკადების მართვა, მათი მიმართულება და სიჩქარეც. ნებისმიერი კომპანია ახდენს ინფორმაციული ნაკადების რეგულირებას, რათა მიიღოს გადაწყვეტილებები, მართოს პოლიტიკა და პროცედურები, მოახდინოს ქვედანაყოფების კოორდინაცია და სხვა. რომელი ინფორმაცია არის საჭირო და როგორ ცილკურირებს იგი, ვისგან გამომდინარეობს და ა.შ. - ყოველივე ეს განაპირობებს კულტურულ პრიორიტეტებს იერარქიაში, ფორმალიზაციასა და თანამშრომლობას. ფრანგული კომპანიების მენეჯერების დახასიათებით, ფრანგული კომპანიები ხასიათდება, როგორც cloisonne (განყოფილებებად დაყოფილი), ანუ მკაფიოდ სტრუქტურირებული ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ეს მკაფიოსა და ნათელს ხდის კომპანიის იერარქიაში პერსონალურ როლებს, პასუხისმგებლობა პრივილეგიებსა და მოვალეობებს. ყოველივე ამის შედეგად ჯგუფთაშორისი საკომუნიკაციო ნაკადები შეზღუდულია. ითვლება, რომ ინფორმაცია, რომელიც ფართოდ ვრცელდება, ნაკლებად სასარგებლოა. გარდა ამისა, ფრანგული პოლიტიკური კულტურის ტრადიციების თანახმად, ორგანიზაციებში ინფორმაცია განიხილება, როგორც ძალაუფლების წყარო. ამდენად, ინფორმაცია თავისუფლად არ უნდა გავრცელდეს. გასაკვირი არ არის, რომ ფრანგულ ფირმებში არაფორმალური კომუნიკაცია შესამჩნევ როლს თამაშობს. მეტიც, არაერთი კვლევით წარმოჩინდა, რომ ინფორამციის უმეტესობა შეიძლება იქნეს გაგებული ჭორის დონეზე და არა უშუალო ხელმძღვანელისაგან.

შვედური მენეჯმენტისათვის დამახასიათებელია გაურკვევლობისადმი მეტი ეგალიტარობა და ტოლერანტობა, იერარქიული და ფორმალური სტრუქტურების ნაკლები მნიშვნელობა. შვედური საკომუნიკაციო სქემა არის უფრო გახსნილი და არაფორმალური. შვედური მენეჯმენტი ორგანიზაციას განიხილავს, როგორც ინსტრუმენტულ, ვიდრე სოციალურ-პოლიტიკურ ფენომენს. განვიხილოთ მაგალითი. გამჭვირვალობის, ანუ ინფორმაციის ღია გაცვლის შვედურ მოთხოვნამ თავდაპირველად სიძნელეები შეუქმნა შვედურ კომპანია -ELEQTROLUX_ის კოლექტივს, როცა მან შთანთქა თავისი იტალიური კონკურენტი ZANUSSI. იტალიელი მენეჯერები და პროფკავშირი, რომლებიც მიუჩვეველნი იყვნენ ამას, დროთა განმავლობაში ნდობით განეწყვნენ „ვიკინგებისადმი“, მაგრამ ამის მიუხედავად, ZANUSS-ის მენეჯერები დრო და დრო დისკომფორტს განიცდიდნენ, ვინაიდან იტალიური ტრადიციის თანახმად მალავდნენ ინფორმაციას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. კულტურული სხვაობების საკომუნიკაციო პროცესზე ზეგავლენის შედარებითი ანალიზი წარმოდგენილია ქვემოთ.

კულტურული სხვაობების ზეგავლენა კომუნიკაციის პროცესზე [1]

კულტურა მხოლოდ იმას არ გვასწავლის, განსხვავებულ სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ. ის სხვისი ქცევის შეფასებაზეც ახდენს გავლენას. მრავალ კულტურაში არსებობს გამოთქმები, რომელიც ურთიერთობების პროცესში კულტურის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ძველი ლათინური გამოთქმა გვეუბნება - „რომში ისე მოიქეცი, როგორც რომაელები იქცევიან“. ქართულში მსგავსი აზრის გამომხატველია გამოთქმა - „სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურე“. ბიზნესის წარმატების საწინდარია და არსებითი მნიშვნელობა აქვს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარებსა და კლიენტის კულტურის გათვალისწინებას.

განსაკუთრებით საყურადღებოა აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის განსხვავება. დასავლეთისთვის, რომელშიც მოიაზრება ევროკავშირი, აშშ და კანადა, დამახასიათებელია მეტყველების პირდაპირი სტილი, ე.ი. საკუთარი მოთხოვნების, აზრებისა თუ გრძნობების პირდაპირ გამოხატვა, მაშინ, როდესაც აღმოსავლური კულტურისთვის, მაგ. თურქეთი, იაპონია, არაბული ქვეყნები, უფრო დამახასიათებელია სურვილისა და შეხედულებების არაპირდაპირი გზით, ხშირად მინიშნებებით გამოხატვა, რაც გულისხმობს, რომ მნიშვნელობის წვდომა, თავად კომუნიკაციის მიმღებმა უნდა მოახერხოს.

კროსკულტურული კომუნიკაციის ნაკადები და სტილი

ბიზნეს-კომუნიკაციის ნაკადებზე დიდ ზეგავლენას ახდენს კონტექსტი, რომელსაც ზოგიერთ კულტურაში დიდი, ხოლო ზოგში კი - მინიმალური მნიშვნელობა გააჩნია, მსოფლიო ქვეყნების განსხვავებული კულტურა განაპირობებს მათ განსხვავებულ მიდგომებს ორი საკითხისადმი. მაგალითად, ზოგადი კლასიფიკაციით არსებობს ორი ტიპის - მაღალი კონტექსტის და დაბალი კონტექსტის ქვეყანა[3]. ასეთ ქვეყნებს შორის კომუნიკაცია, იქნება ის ბიზნესპარტნიორებს შორის, პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმოება თუ მარტივი კომუნიკაცია, საკმაოდ რთულია. ეფექტიანი კულტურათაშორისი კომუნიკაცია მოითხოვს კომუნიკაციის სხვადასხვა სტილის ცოდნასა და გამოყენების უნარს. განვიხილოთ რამდენიმე კულტურული სტილი:

• კომუნიკაციის პირდაპირი და არაპირდაპირი სტილი - კომუნიკაციის სტილის არჩევა დამოკიდებულია კულტურათა კონტექსტუალობაზე. ასე, მაგალითად, მაღალკონტექსტუალურ კულტურებში უპირატესობას ანიჭებენ არა პირდაპირ, არამედ ორაზროვან კომუნიკაციას. ერთ-ერთი მიზეზია , რომ კომუნიკაციური პროცესის მონაწილეები - ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, კლიენტები, ცდილობენ დაამყარონ ახლო პიროვნული ურთიერთობა და მოახდინონ ფართო საინფორმაციო ქსელის ფორმირება. შედეგად ამ ქსელში ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ, ამიტომ, აზრის გამოთქმის მარტო ვერბალურ საშუალებებზე დაყრდნობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ინფორმაციის გადაცემის პროცესში მნიშვნელობა აქვს ინტონაციას, პაუზას, სახის გამომეტყველებას. დაბალკონტექსტუალურ კულტურებში გამოიყენება საქმიანი ურთიერთობის პირდაპირი სტილი. ადამიანები ხშირად შედიან კონტაქტში რაიმე ამოცანის გადასაწყვეტად. ამდენად, ვინაიდან ისინი კარგად არ იცნობენ ერთმანეთს, უხდებათ თვით კომუნიკაციაზე ფოკუსირება და პირდაპირობა;

მაგალითად, კომუნიკაცია საქმიან პარტნიორებს შორის, რომელთაც მრავალი წლის თანამშრომლობა და გამოცდილება აქვთ, მაღალი კონტექსტით ხასიათდება. მხოლოდ მცირედი ინფორმაციის გაცემა საჭირო დროის ნებისმიერ მონაკვეთში იმისთვის, რომ მხარეებმა ერთმანეთს გაუგონ. ძალიან პატარა ინფორმაცია შეიძლება საკუთარ თავში დიდ შინაარსს იტევდეს და ეს ორივე მხარისათვის ობიექტურად იყოს აღქმადი და გასაგები. მაღალი კონტექსტის კულტურის ქვეყნებია იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და არაბული ქვეყნები. ამ ქვეყნებში არსებობს მჭიდრო საინფორმაციო სისტემები და ახლო საქმიანი ურთიერთობები. ასეთ კულტურაში ადამიანები, ყოველთვის არიან ინფორმირებული იმ ადამიანებსა და მოვლენებზე, რაც მათთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი.

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის (იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა) და არაბული რეგიონის(საუდის არაბეთი, ქუვეითი, ომანი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, აბუ-დაბი, ეგვიპტე) კულტურები მაღალკონტექსტუალურებად ითვლებიან, ვინაიდან ინფორმაციის უმეტესობა არა სიტყვების, არამედ არავერბალური კომუნიკაციის ნიშნების მეშვეობით გადმოიცემა. ეს ნიშნებია გარეგნული იერსახე, ავტომობილის მარკა, ქცევის მანერა, ოფისის მოწყობილობა და ავეჯი და ა.შ. აღმოსავლეთის ქვეყნების მაცხოვრებელთათვის სიტყვები მხოლოდ სასიამოვნო ბგერებია, რომლის მიღმა იმალება მოსაუბრის ჭეშმარიტი მიზნები. ინფორმაციის გადაცემისას აღმოსავლეთის მაცხოვრებელი უფრო იმას აქცევს ყურადღებას, ვისთან და რა სიტუაციაში ხდება საქმიანი ურთიერთობა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შეტყობინების ფორმას, ანუ იმას, თუ როგორ არის ნათქვამი და არა იმას, რა არის ნათქვამი. საუბარი შეიძლება იყოს ბუნდოვანი და არაკონკრეტული, გამონათქვამები მიახლოებითი („შესაძლოა“, „იქნებ“, და ამდაგვარი). სწორედ ამიტომ საუბრობენ იაპონელები ბუნდოვნად საქმიანი მოლაპარაკების დროს, მსჯელობენ რაზეც გნებავთ, მოლაპარაკების საგნის გარდა. ეს სტრატეგია აძლევს მათ საშუალებას, უკეთ შეიტყონ პარტნიორის მისწრაფებები, რათა განეწყონ მთავარი თემისათვის ან ღირსეული ოპონენტობა გაუწიონ მის არგუმენტებს. კომუნიკაციის ასეთივე სტილი ახასიათებს დასავლეთ და შუა აზიის ზოგიერთ ქვეყნებსაც.

დაბალი კონტექსტის კულტურის ქვეყნებია აშშ, გერმანია, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები და დასავლეთი ევროპის სხვა ქვეყნები. ამ კულტურებში პირადი ურთიერთობები, ადამიანების მრავალფეროვანი ინტერესების და საქმიანობის სფეროების გამო წყდება. ასეთ კულტურებში დიდია შესავლის ტიპის ინფორმაციის გაცვლა კომუნიკაციის პროცესში. გარდა ძირითადი საკითხებისა, მხარეები ერთმანეთს აწვდიან ზოგად ინფორმაციას, რომელსაც შესაძლოა საქმესთან არ ჰქონდეს არსებითი კავშირი. ეს ქვეყნები განსაკუთრებულად ხასიათდებიან მოცულობითი წერილობითი კომუნიკაციით.

დასავლეთის კულტურებში, დაბალი კონტექსტუალური ჯგუფის, წერილობითი ან და ზეპირი შეტობინებების ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სიტყვიერადაა გადმოცემული. მენეჯერებს ასწავლიან პირდაპირ, უშუალოდ თემის ირგვლივ, ღია ლაპარაკს, როცა ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი და უკრძალავენ ისეთი გამონათქვამების გამოყენებას, როგორიცაა: „სასურველია“, „ხომ არ შეგიძლიათ, რომ ...“ და ა.შ. უფრო დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რა არის ნათქვამი (ანუ შინაარსს), და არა იმას, როგორ არის ნათქვამი. საკუთარი პოზიციის გადმოცემის ასეთი მანერა გაუგებარია მაღალკონტექსტუალური კულტურის ქვეყნებისათვის, ზედმეტი პირდაპირობა მათ მიერ აღიქმება, როგორც სიუხეშე და არათავაზიანობა.

გარდა ამისა, დასავლური და აღმოსავლური კულტურები განსხვავებულად ეპყრობა ასაკს, სქესს და ა.შ., მაგალითად, თუკი აღმოსავლეთისათვის საქმიანი შეხვედრის დროს ასაკოვანი პირისადმი ღრმა პატივისცემა ნორმაა, დასავლეთისთვის ეს პროგრესის შემაფერხებელ პატრიარქალობად აღიქმება. და პირიქით, სპეციალისტის ახალგაზრდა ასაკი დასავლეთის საქმიან კულტურაში ითვლება ღირსებად, ხოლო აღმოსავლეთში კი ახალგაზრდები მხოლოდ გამოუცდელებად აღიქმება.

„მაღალი კონტექსტი“ ნიშნავს, რომ ბიზნესპარტნიორებს შორის საქმიან ურთიერთობაში დიდია ტრადიციების როლი, ინტუიცია და სიტუაცია. ასეთ საზოგადოებაში ხდება ზეპირად მიღწეული შეთანხმების მკაცრი დაცვა, ამიტომაც, წერილობითი კონტრაქტის შედგენის აუცილებლობა შეიძლება არც კი დადგეს. „დაბალი კონტექსტი“სრულიად საპირისპიროა: პიროვნული კონტაქტები მკაცრად არის ფორმალიზებული, საქმიანი ურთიერთობისას მკაფიო ფორმულირებები გამოიყენება, რომელთა მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული სიტუაციასა და ტრადიციაზე.

მაღალი და დაბალი კონტექსტის თავისებურებების გაუთვალისწინებლობა, კომუნიკაციის სტილში შესაძლოა გაუგებრობების საფუძველი გახდეს. მაღალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელმა შესაძლოა დაბალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელი შეაფასოს, როგორც ზედმეტად მოსაუბრე, ზედმეტად ზუსტი, არასაჭირო ინფორმაციის მომწოდებელი. მეორე მხრივ, დაბალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელმა მაღალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელი შესაძლოა შეაფასოს არაჭეშმარიტ (რადგან ინფორმაციის ნაწილი უთქმელია და ნაგულისხმევი) და არასანდო ბიზნეს პარტნიორად.

კომუნიკაციის დახელოვნებული, ზუსტი და მოკლე სტილი. ასეთი სტილი დამახასიათებელია არაბული ქვეყნებისათვის. აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქმიან ურთიერთობას, მოვლენათა და საგანთა აღწერა დეტალურია, ხოლო სუფრაზე მიპატიჟებაზე უარის თქმას თან ახლავს მრავალჯერადი ფიცი და დარწმუნებები. ზუსტი სტილი, რომელიც მიღებულია გერმანიაში, ინგლისსა და შვედეთში გულისხმობს შეტყობინების მინიმალური სიტყვათა მარაგის გამოყენებით გადაცემას. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი ეყენებენ კომუნიკაციის მოკლე სტილს, რომელსაც ახასიათებს თავის არიდება, პაუზები, სიჩუმე. უცნობ სიტუაციებში ისინი იქცევიან ისე, რომ არ „დაკარგონ სახე“.

• კომუნიკაციის ინდივიდუალური და კოლექტიური სტილები. სიტუაციური სტილი აქცენტირდება კომუნიკაციური პროცესის მონაწილეების ურთიერთქმედებაზე და დამახასიათებელია კოლექტივისტური კულტურებისათვის. ინდივიდუალისტური კულტურებისთვის დამახასიათებელია პიროვნული კომუნიკაციის სტილი, რომელშიც აქცენტი პიროვნებაზე კეთდება; ინდივიდუალიზმი უშუალოდ მიმართულია პიროვნების კეთილდღეობისკენ, ინდივიდუალისტური კულტურა ძირითადად დაბალი კონტექსტის ქვეყნებს ახასიათებთ. ის ხაზს უსვამს ინდივიდუალურ თავისუფლებას, პიროვნების პირველხარისხოვან მნიშვნელობას, პირად დამოუკიდებლობას და აღიარებს „საკუთარი თავის იმედად ყოფნის“ პრინციპს. ინდივიდუალიზმის ქვეყნებს მიეკუთვნება აშშ, კანადა, ავსტრალია, დასავლეთი ევროპის ქვეყნები.

კოლექტივიზმი გულისხმობს საერთო ინტერესების პრიორიტეტს პიროვნულთან შედარებით. კოლექტივისტურ საზოგადოებებში ინდივიდი ძირითადად მოტივირებულია იმ ჯგუფის, თუ ჯგუფების ინტერესებით, რომელთა წევრიცაა იგი. ამ ჯგუფების წევრობა, ხშირ შემთხვევაში, უფრო ტრადიციულია და არა ნებაყოფლობითი. ჯგუფი შეიძლება იყოს დიდი (ერი, სახელმწიფო, რელიგიური ერთობა და სხვ.) და შედარებით მცირე (ნათესაობა, სამეზობლო, ნაცნობ-მეგობართა წრე და სხვა). კოლექტივიზმი, როგორც წესი, ახასიათებთ მაღალი კონტექსტის ქვეყნებს - სამხრეთ- აღმოსავლეთის და არაბულ ქვეყნებს. საქართველო წარმოადგენს კლასიკურ „მცირეჯგუფოვან“ კოლექტივისტურ კულტურას, სადაც ძირითად სოციალურ ერთეულს შეადგენს ნათესაობა, სამეგობრო, ნაცნობთა წრე და ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს სწორედ ამ ჯუფებში არსებული ნორმები.

კომუნიკაციის ინსტრუმენტული და აფექტური სტილი. აფექტური სტილი ორიენტირებულია მსმენელზე, ინფორმაციის მიმღებსა და თვით კომუნიკაციურ პროცესზე. მსმენელისაგან აქ მოითხოვება სიტყვების რეალური მნიშვნელობის გაგების ინტუიციური უნარი, ვინაიდან გადაცემული ინფორმაცია ხშირად არავერბალურია. ამასთან, არავერბალურ ინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში, ვერბალურზე მეტი მნიშვნელობა გააჩნია. ეს სტილი სახასიათოა კოლექტივისტური, მაღალკონტექსტუალური კულტურებისათვის, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის (საუდის არაბეთი და ეგვიპტე), ლათინური ამერიკისთვის, აზიისთვის (იაპონია, კორეა). ინსტრუმენტალური სტილი კი ორიენტირებულია მოლაპარეკასა და კომუნიკაციის მიზანზე. ამ დროს ინდივიდი ნათლად აყალიბებს, რა უნდა, რომ შეიტყოს მეორე მხარის წარმომადგენლისაგან. ასეთი სტილი უფრო მეტად სახასიათოა ინდივიდუალისტური, დაბალკონტექსტუალური კულტურისათვის (შვედეთი, დანია, კანადა, აშშ და ა.შ.). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციის ყველა ხსენებული სტილი მეტნაკლებად ყველა კულტურისათვის არის სახასიათო. სხვა საქმეა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ფასეულობები და ნორმები, რაც კულტურის საფუძველია, აისახება ბიზნეს-კომუნიკაციის კონკრეტულ სტილში.

მსოფლიოში მიმდინარე რეალური პროცესებისა და პრობლემების გაანალიზების საფუძველზე თუ შევაჯამებთ ზემოთ აღნიშნულ გამოწვევებს, მიგვაჩნია, რომ გლობალიზაციის ეპოქაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია კულტურათაშორისი კომუნიკაციის განმასხვავებელი თავისებურებების გათვალისწინებასა და კომუნიკაციური აქტის მონაწილეთა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ბიზნესპარტნიორების მიერ ადეკვატურ ურთიერთგაგებას. ამასთან ერთად, ბიზნესსუბიექტების ეფექტიანი კომუნიკაციის ჩვევები კულტურული ფასეულობების განსხვავების პირობებში დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ბიზნესში მის აქტიურ ჩართულობას, კულტურული ბარიერების შემცირებასა და მაქსიმალური შედეგების მიღწევას.

ლიტერატურა:

1. მ. ბერუაშვილი, კულტურათაშორისი კომუნიკაციების როლი გლობალური ბიზნესის განვითარებაში, თბ., 2016.

2. თ. შენგელია, გლობალური ბიზნესი, თბ., 2018.

3. თ.შენგელია, საერთაშორისო მენეჯმენტი, თბ., 2012